December 30, 2011

In Them










კარგია,თუ ცუდი, ამ კომპოზიციას მთელი გულით ვუსმენ. თქვენც გირჩევდით, ხმამაღლა მოსმენას და განტვირთვის წუთების მოწყობას.
მრავალ წელს დაესწარით, ახალსაც და ძველსაც.




December 27, 2011

ჩემი, როგორც მომხმარებლის უფლებები დაუცველია

დღევანდელი სამუშაო დღე ჩვეულებრივად დაიწყო, სამსახურის საქმეები, ჩაი, ლანჩი.. შუადღეზე დავფიქრდი, რა კარგი იქნებოდა, თუ საღამოს თავს გავიმხიარულებდი და რაიმე სასიამოვნოსა და მსუბუქს დავგეგმავდი.
სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" მეგობრის სტატუსს წავაწყდი, სადაც "შეუსრულებელი მისია 4"-ის შესახებ წერდა, გაამართლა მოლოდინებიო. მაშინვე მოვიძიე ინტერნეტით ინფორმაცია კინოთეატრების აფიშისა და ფილმის შესახებ. რამაც გამაკვირვა ბილეთის ფასი იყო - არც მეტი,არც ნაკლები - 15.50 ლარი.
თავდაპირველად ვიფიქრე, ალბათ, რაც კანონი გამოვიდა და ქართულად გახმოვანება სავალდებულო გახდა, ეს სიამოვნება ძვირი ჯდება და თუ კარგი ხარისხი და ქართულენოვანი კინოთეატრები გვინდა, ცოტა მეტიც უნდა გადავიხადოთმეთქი, მაინც მეძვირა ფასი, მაგრამ ამ შემთხვევაში ვიცოდი, რის გამო "გავიღებდი მსხვერპლს".

მაგრამ მანამდე გადავწყვიტე, დამეზუსტებინა - როგორც კიბერაქტიურმა კინოთეატრ ამირან/რუსთაველს (ერთი გვერდი აქვს ფეისბუქზე ორივე კინოთეატრს) "ფეისბუქის" კედელზე დავუსვი შეკითხვა -რა ენაზე იქნებოდა ფილმის ჩვენება? რაზეც ასევე უწყინარად მიპასუხეს - "რუსულად".
რატომ?
რატომ ვუყურებთ ფილმებს რუსულად? ჩვენ ხო აგერ უკვე 20 წელზე მეტია "დამოუკიდებელი", "დემოკრატიული" ქვეყანა ვართ და უფრო მეტიც, რუსეთი ჩვენს მტრად გვყავს გამოცხადებული ?
კითხვაზე "რატომ?"- კინოთეატრის გვერდის ადმინისტრატორი(მმართველი) გვპასუხობს, რომ "პრემიერამდე ფილმი 1 დღით ადრე ჩამოვიდა".
რატომ ვერ ხერხდება მაინც და მაინც საქართველოში ამ საკითხის ორგანიზება, თუკი სხვა ქვეყანაში ესწრება ფილმების "ჩატანა" და თარგმნა, რა ხდება აქ?
რატომ არის ასეთი რთული ქართულენოვანი კინოთეატრის არსებობა? სადაც 7-8 წლის ბავშვსაც მარტივად წაიყვან და ამისთვის რუსული ენის სრულყოფილად ცოდნა აუცილებელი არ იქნება?

მრცხვენია კიდეც, რომ "განვითარებულ" საქართველოში კიდევ ამის პრობლემა დგას, ასე მგონია ილიას დროინდელი გაზეთის ჩანაწერებიდან არის ეს პრობლემა ამოღებული და ჯერ კიდევ წითელი რუსეთისგან ქართული ენის გადარჩენას ითხოვს ავტორი.

"ფეისბუქზე", კინოთეატრის ოფიციალურ გვერდზე დასმულ კითხვას დიდი პოლემიკა მოჰყვა, მომხმარებლები საკუთარ აზრს გამოთქვამდნენ. მათზე პასუხის გაცემისთვის მოუმზადებლობისა, თუ უბრალოდ სურვილის არ ქონის გამო ჩემ მიერ დასმული შეკითხვა კინოთეატრის წარმომადგენელმა საერთოდ წაშალა. ამ შემთხვევაში საერთოდ გაუგებარია, იციან კი სოციალურ ქსელებში ურთიერთობის ძრითადი პრინციპები კინოთეატრის გვერდის მმართელებმა თუ ხელმძღვანელებმა? თუ გადაწყვეტ, სოციალურ ქსელებში აქტიურეობას და ამ ფომით მომხმარებელთან ურთიერთობას, უკუკავშირისთვისაც მზად უნდა იყო და დიქტატურის ელემენტებს არ უნდა შეიცავდეს უბრალოდ გვერდის მართვა.
ესეც კიდევ ერთი მაგალითი , როგორი სიტუაციაა მომსახურების სფეროში და როგორი კავშირია მომხმარებელსა და მესაკუთრეს შორის საქართველოში, იქნება ეს კინოთეატრი, თუ უბრალოდ - მინიმარკეტი.

ამ შემთხვევაში მე ,რიგითი მომხმარებელი ძალიან დაუცველად და შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს. არავინ იცავს ჩემს უფლებებს, გარიგების საფუძველზე ყველა კინოთეატრში ერთი და იგივე ფილმების ჩვენება ხდება, მცირდება არჩევანი და ბუნებრივია, აღარც კონკურენციის თემა არსებობს.
ბილეთების ფასი აბსურდულ ღირებულებამდე იზრდება.
გულწრფელად არ მესმის, რატომ უნდა გადავიხადო რუსეთიდან შემოტანილ რუსულენოვან ფილმში 15 ლარი, თუკი ამ თანხაში ხარჯები მინიმუმამდეა დაყვანილი - უბრალოდ იღებენ ფილმს და ეკრანზე უშვებენ.
დღემდე არ არის ვითომ "კანონი" ძალაში შესული, რომლის მიხედვითაც ქართულენოვანი ჩვენება სავალდებულო გახდა.
დღემდე არაა გარკვეული ლიცენზირებულ ფილმებს უშებს თუ არა კინოთეატრი, რაშიც პირადად მე, ძალიან მეპარება ეჭვი. სიტყვაზე თუ ვენდობით, სხვა გზა არაა, ნდობა კი ამ რეალობაში ძალიან რთულია.
იმ იშვიათ შემთხვევაში კი, როდესაც ფილმი ქართულადაა გახმოვანებული, ეს გახმოვანება ფაქტობრივად აფუჭებს ფილმს და მთელ სიამოვნებას, რომელიც მაყურებელმა შეიძლება მიიღოს. მაგალითად, თუ ფილმში მინა იმსხვრევა, მაყურებელს ეს ეფექტი საერთოდ არ ესმის - ეს ბადებს ეჭვს ყიდულობს კინოთეატრი ნამდვილად ლიცენზირებულ ვერსიას? ამ შემთხვევაში ფილმს აუცილებლად მოჰყვება ეფექტები და მათი დატანება სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს.

თავად გახმოვანების თემაზე კი უკვე იმდენი დაიწერა, მე იგივეს აღარ გავიმეორებ, უბრალოდ, "24 საათის" ამ სტატისს გადაკითხვას შემგთავაზებთ - ქარ­თუ­ლად გახ­მო­ვა­ნე­ბუ­ლი ფილ­მე­ბის შე­სა­ხებ

თუკი ბიზნესსა და მომხმარებლებს ისევ ამ პრინციპით ვუდგებით - "არ გინდა და ნუ მოხვალ", ყველაფერი გასაგებია. მაგრამ თუ პრეტენზია მომსახურების მაღალ ხარისხსა და განვითარებულობაზე გვაქვს, მსგავსი შემთხვევები აღარ უნდა ხდებოდეს.

ქართულ ენაზე ვითხოვთ ფილმების ყურებას -სირცხვილი, სამწუხარო რეალობა და კურიოზული ამბავია.

November 15, 2011

ბევრი ნისლი გამოგზავნეთ ჩემს ფანჯრებთან

ეხლა ჩემი თვალები ისეთი გამომშრალია, რომ შემეძლოს, ძილის წინ ამოვიღებდი, აკვარიუმში ჩავაწყობდი დასალბობად და დილას უკან ჩავიმაგრებდი.
როგორც პროთეზს ექცევიან მოხუცები.
ნეტა, დამჭირდება?

...
ერთ თვეზე ცოტა მეტი ხანია, თითქმის გაბედნიერებული დავიარებოდი და ცა ქუდად მიმაჩნდა - სამსახურის შეცვლის ამბავი ყველამ გაიგო და ვინც გაიგო მერე ყველამ მკითხა - ჰო კმაყოფილი ხარ? კარგია? იმას ჰო ჯობია? ჰოდა, აბა რა გინდა.
რა მინდა და ერთი თვე და ცოტა მეტი ხანია, ვფიქრობ, რომ სქოლიოზი მივითარდება, კუნთების დაჭიმულობას ვგრძნობ და სიცივეს ვებრძვი.
ცოტა დროის შემდეგ დავასკვენი, რომ სურვილები ზედმიწევნით პირდაპირ სრულდება. სხვა დროს ალღო უნდა ავუღო და ძალიან ზუსტად ვინატრო-რა მინდა, როგორი, რა დოზით და რა შტრიხებით. ახლა კი, სანამ მორიგი სურვილი ასრულდება, მგონია, ყულფში თავგაყოფილი ვკიდივარ და დახრჩობისგან თავს თითის წვერებზე დგომით ვიცავ.
ეს უფრო მიმძაფრებს მუშაობასა და მუშაობას შორის თანმდევ ფიქრს, რომ ამაოდ იკვლება ჩემი დრო და რას ეწირება- მეც არ ვიცი.
ამაოების ბაზარზე გარემოვაჭრის ადგილი მაქვს. ქირასაც ზედმიწევნით ვიხდი.


...
ამასობაში,ბევრს ვფიქრობ და მერე მინდება, ამ ფიქრს ფორმა მივცე- წერით,ხატვით ,რავიცი -რამენაირი.
სამუშაოსა და სამუშაოს შორის პოსტის იდეები მომდის, ძილის წინ ახალ აღმოჩენებს ვაკეთებ პრივატულ გალაქტიკებში. საჭესთან ჯდომისას, შუქნიშნებზეც კი ადამიანებზე ვფიქრობ და ვფიქრობ. ცხოვრების ელემენტარულ ნაწილაკებზე ვფიქრობ და ვფიქრობ, უმნიშვნელო დეტალებზე ვფიქრობ და ვფიქრობ.

და ყველაფერზე - რა როგორ განსაზღვრავს ბალანსს, ქმედება ქმედებას, ქმედება უკუქმედებას, ნაწილაკი ვულკანს და ასეშემდეგები.
მერე ამ ფიქრს ვივიწყებ, მოვდივარ შინ, გაყინულ ხელებს გამათბობელს ვაფიცხებ და გამომშრალი თვალების აკვარიუმში ჩაწყობას ვნატრობ.


მანამდე კი, სანამ ჩემ ბიჭს ვახშმად არაჟნიან ბლინებს დავახვედრებდი, დიდი დრო გავიდა.
მანამდეც და მას მერეც. დიდი დრო ხო ასეც გადის და ისეც.
წელს მალე მოთოვა და მე ბედნიერი ვარ. თოვლის გამოც და ისედაც.
უცნაურია, რომ ყველაფერი ერთნაირად კარგად არ არის და ვერ არის ხოლმე.
უცნაური ამბავია ისიც, როცა დალაგებულს, დაგეგმილს და ასჯერ ნაფიქრს გაჭრის წინ გამოგგლეჯენ და მაკრატელს ცივად შეგატოვებენ ხელში.
მერე დადიხარ და ამ მაკრატლით იმ გეგმების დაჭრა გიწევს, რომლებსაც მანამდე აწყობდი.
ცოტა ხნის მერე კი სარკესთან მდგომს უცებ გახსენდება კანდიდი და ფიქრობ,რომ აუცილებლად უნდა ითხოვო ეს წიგნი და კიდევ ერთხელ გადაიკითხო, იმიტომ რომ 'ყველაფერი უკეთესობისკენ მიემართება'.

...
ნისლიან სტეფანწმინდაზე, თოვლიან გერგეთზე და ხმაურიან თერგზე მინდოდა მომეყოლა, მაგრამ ახლა უსაშველოდ გვიანია, თვალი მელულება და აზრი ბალიშისკენ გამირბის. 7 საათსა და ცოტა მეტში საუზმესა და სამზადისში ვიქნები. უსათუოდ უნდა დავიძინო.

და მანამ, სანამ შემოდგომის გასვლამდე 15 დღეღა რჩება, მე სულმოუთქმელად ველი ზამთარს, გუდაურის ტრასების გახსნას და ნისლიან ღამეებს.


September 26, 2011

Rainy daydream

'Catch a falling star an' put it in your pocket, Save it for a rainy day'


ზუსტად ვიცი, რა მინდა.
კარგი იქნებოდა, ეს რაჭაში, ჩემი სახლის აივანზე ხდებოდეს, მაგრამ იქ თუ არა, სადმე სხვაგან მაინც - ლამაზხედიან აივანზე, სადაც სკამს დადგამ, ცხელ ჩაის ჭიქას შემოაჭდობ თითებს და ორთქლით ცხვირს გაითბობ.


ამინდიც ზუსტად ვიცი, როგორი მინდა.
-გრილი, წვიმიანი, ჯერ გაუყვითლებელ ფოთლებს რომ მწვანედ ააპრიალებს და ცოტა ნისლს ჩამოიტანს ღრუბლიდან, აი ისეთი.

მერე, როცა ისევ დაიწყებს წვიმას და სახურავი ახმაურდება, მე შეშის წინასწარ მოზიდული მარაგიდან წვრილ, ფიჩხ ტოტებს გამოვარჩევ და ღუმელს გავამზადებ. ტოტებს შუა ნაფოტებს ცეცხლს მოვუკიდებ და ავაგიზგიზებ. მერე ტაფას გამოვიტან ოთახიდან, მზესუმზირად დავყრი და ღუმელსმიფიცხებული მოხალვით გავირთობ თავს.



ისიც ზუსტად ვიცი, მე როგორ მეცმევა.
- თბილი,ღუნღულა, ნაქსოვი ჟაკეტი მექნება მოცმული, ფეხზეც თბილი წინდები ამოცმული, კაშნეს მოვიდებ ყელზე და მზესუმზირას მაგიდაზე დავყრი გასაგრილებლად.


მერე აივანზე ჩამოვსხდებით.. ცხელ ჩაის მზესუმზირა უხდება..
ბევრს ვილაპარაკებთ, ცოტას ვიწუწუნებთ კიდეც გადაუღებელ წვიმასა და სველ ამინდებზე, ვიტყვით, რომ გარეთ გასვლა შეუძლებელი გახდა და ყველაფერი დანესტიანდა, რომ ახლა თუ მზე იქნებოდა, გასეირნებითაც შევიქცევდით თავს და ტყეშიც შევივლიდით..


მაგრამ ამის თქმის დროსაც კი გვეცოდინებოდა - ეს ამინდი შეიძლება იყოს მხოლოდ ასე მყუდრო, შინ გამომკეტი, ღუმელის დამნთები, ღუნღულა ჟაკეტის შემომცმელი და მზესუმზირიან ცხელ ჩაიზე საუბრის და აივანზე ჯდომის მომანდომებელი, ხედებით და ახმაურებული სახურავის მოსმენით სიამოვნების მომტანი და შემდეგ ასე, ჩვეულებრივ, მორიგ ორშაბათს, სამსახურში ჯდომისას, რუტინული საქმის კეთების დროს ამ შეგრძნების გახსენებით გულის ამაფორიაქებელი.

რა ადვილია, როცა უბრალოდ ოცნებობ და ამ სცენარში ყველაფერს თავის აგილას ალაგებ და როცა რაღაც ზუსტად იცი.
ისე ცხადად წარმოვიდგინე ეს სცენა, ლამის მოგონებებში გადავიდა, როგორც ოდესმე მართლა მომხდარი - თავის ფერებით, სუნით, შეგრძნებებით და მოყოლილი ამბებით.

შემოდგომის წვიმას ველოდები.






ShareThis